logo
ENG



"დაგვიტოვეთ ღირსეული დირექტორი" - 123-ე სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების აქცია

14 ივნ 202414:21
3 წუთის საკითხავი
 

განათლების სამინისტროსთან 123-ე სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები აქციას მართავენ.

ისინი აღნიშნავენ, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ლოსაბერიძე სკოლის დირექტორთა შესარჩევ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა და ამ გადაწყვეტილებას მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ.

სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ კონკურსში შერჩევა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს, 123-ე სკოლის დირექტორი კი ხელისუფლების პოლიტიკურ გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს.

"რატომ გვინდა იყოს თამარ ლოსაბერიძე ჩვენი დირექტორი - ჩვენ გვაქვს ჩვენ გეგმები, საერთო სტრატეგიები, ის გამოირჩევა ტოლერანტობით. ჩვენი ღირებულებები უკავშირდება მარადიულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს- ეს არის ურთიერთპატივისცემა, მიმღებლობა, აქ არ არის განსხვავებულის მიუღებლობა, ტექნოლოგიების უხვი გამოყენება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში. თუ ვინმე იმსახურებს იმას, რომ იყოს ჩვენი სკოლის დირექტორი, ეს გახლავთ თამარ ლოსაბერიძე. [...]

თამარი იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის. ერთ-ერთი მწერლის სიტყვებს ვიტყვი - "ზოგადად, ადამიანს მისჯილი აქვს თავისუფლება და ის ვალდებულია, თავისუფალი იყოს". ჩვენ ვერავინ დაგვიშლის ვერც აზრის გამოხატვას და ვერც თავისუფლებისთვის ბრძოლას"- ამბობს 123-ე სკოლის მასწავლებელი, ირმა მაისურაძე.

123-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის, თამუნა ლოსაბერიძემ გუშინ Facebook-ზე თავად დაწერა, რომ დირექტორის შესარჩევ კონკურსში უკვე მეორედ არ წარადგინეს.

"თავს ვალდებულად ვთვლი გაცნობოთ, რომ მონაწილეობას ვიღებდი სსიპ ქალაქ თბილისის N123 საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში, თუმცა უკვე მეორედ არ წარმადგინეს! მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის" - წერს ლოსაბერიძე.


close დახურვა